Monday, October 21, 2019

ინდივიდუალიზმი თუ ეტატიზმი?



მოქალაქეების სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება ძირითადად ორ პარადიგმაზეა დაფუძნებული: ინდივიდუალიზმზე ან ეტატიზმზე, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო  ან პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს და თითოეული ინდივიდი მისთვის ძვირფასია, შედეგად ზრუნავს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეს ინდივიდუალიზმია. ან სახელმწიფო ითხოვს ინდივიდისგან თავგანწირვას იდეისთვის. ეს ეტატიზმია. ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, პოსტმოდერნულ ხანაში, დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა და კაპიტალისტური ქვეყნების მთავრობები აიძულა, მემარცხენე ორიენტირები შეემუშავებინათ. ამან ე.წ. welfare state ჩამოაყალიბა. ეტატიზმი უფრო რუსეთში იყო პოპულარული. ეს ღირებულება, როგორც ტრადიცია, რუსეთს ცარისტული ეპოქიდან დარჩა, შემდეგ საბჭოთა პერიოდში ის მაქსიმალური აღზევდა და დღეს ინერციით ისევ რუსეთს შემორჩა. საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნებისთვის იგი თავსმოხვეული იყო, განსაკუთრებით საქართველოსთვის.
ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, დასავლეთში რენესანსისა და რეფორმაციის ეპოქაში წარმოიშვა. რენესანსმა ინდივიდუალური შეხედულებებისადმი გარკვეული ტოლერანტობა დაამკვიდრა, ხოლო ლუთერის მიერ ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებამ  შუა საუკუნეების ჯოგური აზროვნებიდან საბოლოოდ გამოიყვანა დასავლეთი. რეფორმაციამ საზოგადოება ავტორიტეტების დამსხვრევასა და ინდივიდების აზრის პატივისცემას ყველაზე მეტად მიაჩვია. ეს პროცესი დასავლეთ ევროპაში ფაქტობრივად დაკნინებული ბატონყმობისა და ფეოდალიზმის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჯოგური აზროვნებიდან გამოსვლის პროცესს.
ინდივიდუალიზმი მხოლოდ მოქალაქეების სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულების პარადიგმა როდია, იგი საზოგადოების მიერ კონკრეტული ადამიანების განსხვავებული აზრის პატივისცემა და აღიარება, ამასთან, მათდამი ტოლერანტობაცაა.
ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, საქართველოში განსხვავებულად წარმოიშვა. ამის საილუსტრაციოდ მცირე მაგალითებს მიმოვიხილავთ. ჯერ კიდევ ახ. წ. V საუკუნეში, როდესაც შუშანიკის წამება დაიწერა, ინდივიდუალიზმს თავისი ხიბლი ჰქონდა ჩვენში. შუშანიკი მის ეპოქაში დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიდის, ქმარს უპირისპირდება და ეს მოსაწონი საქციელია თანამედროვეთა თვალში. გასაგებია, რომ ქრისტიანული პროპაგანდა თავის როლს თამაშობს, მაგრამ შუშანიკის წამების მიზეზი თუ არა, შედეგი მაინც ინდივიდუალური აზროვნებისადმი მეტი პატივისცემის დამკვიდრება იქნებოდა. XII საუკუნეში რუსთაველი ქმნის პოემას, რომელიც ინდივიდუალიზმის აპოთეოზია. ყველა პერსონაჟი განსხვავებულია, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება (შვილის მამისადმი, ქვეშევრდომის მმართველისადმი) გამოწვევებითაა აღსავსე და ამას პრობლემად ნაწარმოების დადებითი პერსონაჟები არ მიიჩნევენ. ავტორიტეტებისადმი აგდებული დამოკიდებულება პრობლემად დავარს მიაჩნია, მაგრამ არა როსტევანს, დავარი არ პატიობს ნესტან-დარეჯანს ურჩობას, ხოლო როსტევანი ავთანდილს პატიობს მისი ნების გარეშე ხეტიალს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ინდივიდუალიზმის აპოთეოზს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ვხედავთ. რა თქმა უნდა, აქ საზოგადოების მორალთან დაკავშირებით ყაზბეგის ხსენებაც შეიძლება, თუმცა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“ მაინც ჯოგური მორალისადმი წინააღმდეგობის და ინდივიდუალიზმის კლასიკური მაგალითებია. ქართული ინდივიდუალიზმი ასე იწვრთნებოდა.
შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი. მისი გავლენით ყველანი „ვაშენებდით“ ერთ დიდ ოჯახს, მაგრამ დისიდენტური აზრიც მალე გაჩნდა და ჩვენში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კიდევ რიგ საბჭოთა ქვეყნებში, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება კრიტიკული გახდა. ნაციონალიზმის აღზევებამ, რაც ინდივიდუალიზმის გარეშე წარმოუდგენელია, სხვა ფაქტორებთან ერთად, საბჭოთა კავშირი დაშალა.
90-იანი წლების საქართველო იყო მენტალური ბრძოლებისა და ქაოსის პერიოდი. 2000-იანები კიდევ უფრო. ვერ გაგვერკვია, რა იყო კარგი, და თუ დასავლეთი იყო კარგი, რატომ იყო კარგი? 2010-იანებმა უფრო ნათელი პასუხი მოგვცა ამასთან დაკავშირებით: სახელმწიფო შედგება ინდივიდებისგან და მთავრობა ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ზრუნავს თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე, შედეგად, მივიღეთ მთავრობების შედარებითი ტოლერანტობა მანიფესტაციებისადმი, სახელმწიფო პროგრამები ინდივიდების სასარგებლოდ და ა.შ. ეს ყველაფერი ომის შემდგომ დასავლეთს მოგვაგონებს. ასევე საზოგადოება ნელნელა მივიდა იმ აზრამდე, რომ ჩვენ კომუნისტური ჯოგი არ ვართ, ორველისეული დისტოპიური საშინელი რეალობა ჩვენგან აშკარად შორსაა. პირადი ისტორიების მრავალფეროვნებამაც და გართულებამ, განსხვავებით წარსული კლასიკური „გაიცნეს ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად სიკვდილამდე“ ინდივიდუალური მორალის პატივისცემა თუ არა, უნებლიე აღიარება მაინც დაამკვიდრა.
დღეს ჩვენ ჯოგი აღარ ვართ, ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია, სწორედ ამიტომაც არის საქართველო უკვე არა პოსტ-საბჭოთა, არამედ ევროპული ქვეყანა. მომავალი ამ მხრივ, უფრო საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ეს ის გზაა, რომელსაც უკან დასახევი არ აქვს.



Monday, June 24, 2019

პროპორციული თუ მაჟორიტარული?




უკანასკნელ დღეებში აქტუალური გახდა საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკოპლექტების პრინციპი. დღესდღეობით პარლამენტს ე.წ. პარალელური ხმის მიცემით, ანუ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით, ვირჩევთ ერთდროულად. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს არც მხოლოდ მაჟორიტარული, როგორც ეს ინგლისშია, და არც მხოლოდ პროპორციული სისტემა, როგორც ეს იყო ერთხანს რუსეთში, როდესაც პუტინმა, საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით, 2006 წელს შემოიღო მხოლოდ პროპორციული სისტემა და ასევე, ბარიერი აწია 7%-მდე. 
ორივე სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკრეტულ შემთხვევაში ქართული საზოგადოების მიზანს წარმოადგენს დომინანტური პარტიული სისტემის  (ანუ მდგომარეობის, როდესაც 51%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ერთ პარტიას აქვს) მოშლა.
პირველ რიგში განვიხილოთ მაჟორიტარული სისტემის უპირატესობანი:
მაჟორიტარული სისტემის პირველი უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: მაჟორიტარები რეგიონების წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დაშორებული რეგიონებსაც კი შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები. მაგ. თუ სამეგრელოს სოფ. ახუთს სჭირდება საგზაო მაგისტრალის აღდგენა, ეს საკითხი პარლამენტში უნდა გაიტანოს, პირველ  რიგში, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა. მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე რეგიონების ინტერესი ნაკლებად იქნება დაცული.
მეორე უპირატესობა, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას გააჩნია, არის ორპარტიული (ან ორ-ნახევარპარტიული) სისტემის წარმოქმნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის პირობებში, პრაქტიკულად, მხოლოდ 2 ან 3 პარტიის კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ რეგიონში გამარჯვების მოპოვების შანსი. ამის მაგალითი დიდი ბრიტანეთია, სადაც მაჟორიტარულმა სისტემამ საბოლოოდ მოგვცა ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების ჭიდილი და, პლუს, ზოგჯერ ლიბერალებსაც აქვთ შანსი, პარლამენტში მოხვდნენ. რატომ არის ეს უპირატესობა? გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მისაღებად საჭიროა პარლამენტის 51% მაინც თანხმდებოდეს კონკრეტულ პოლიტიკაზე, რაც ხდება პარლამენტში ერთი პარტიის დომინირების შემთხვევაში, ამიტომაც ორპარტიული სისტემა, უმეტესწილად, უზრუნველყოფს იმას, რომ ან ერთი ან მეორე პარტიას იმარჯვებს და არ მივიღებთ ე. წ. hung parliament-ს, რომელშიც რამდენიმე პარტიის გაერთიანებაა საჭირო იმისათვის, რათა 51% ჩამოყალიბდეს. ასეთი შემთხვევა ინგლისს ორჯერ, პირველად 2010 და მეორედ, 2017 წელს, ჰქონდა. ორივე შემთხვევაში ასეთი პარლამენტის მიერ შექმნილ მინისტრთა კაბინეტს გარკვეული კრიზისები ახასიათებდა და გადაწყვეტილებები ისე სწრაფად ვერ იღებდნენ, როგორც საჭირო იყო. მაჟორიტარულ სისტემაში ეს მაინც იშვიათად ხდება, რადგან ორპარტიული სისტემა ყალიბდება ძირითადად და ხან ერთი პარტია იგებს არჩევნებს, ხან მეორე. პროპორციულ სისტემაში, და მით უფრო, „უბარიერო“ პროპორციულ სისტემაში, ბევრად მეტი შანსია მივიღოთ ე. წ. hung parliament. ამაზე ქვემოთ.
ახლა მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებს რაც შეეხება:
მაჟორიტარულ სისტემას ახასიათებს წვრილი პარტიების მნიშვნელობის დაკნინება. მაგ. პროპორციული სისტემის შემთხვევაში თუ პარტია მოიპოვებდა 30% და  თუ პარლამენტში 100 მანდატია, შესაბამისად, 30 მანდატს, მაჟორიტარულის შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდ ვერ მოიპოვოს ვერც ერთი მანდატი, რადგან თითოეულ ოლქში ინდივიდუალურად მის კანდიდატს გასამარჯვებლად სჭირდებოდა 51%-იანი ბარიერი. ბრიტანეთში გამარჯვებისთვის კანდიდატს უბრალო უმრავლესობა ყოფნის (plurality), ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მხოლოდ 31%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ მაინც მოიგოს, რადგან სხვებზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოში გამარჯვებისთვის პარლამენტარს, ისევე როგორც  პრეზიდენტს, აბსოლუტური უმრავლესობა (majority) (51%) სჭირდება. ასეთ შემთხვევებში მცირე მხარდაჭერის პარტიებს უფრო ურთულდებათ ვითარება და მანდატის მოპოვება მაჟორიტარულ ოლქებში. შედეგად, თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტიის წევრებს აქვთ თეორიული შანსი, პარტიული რესურსებით მიიღონ 51%-იანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს ერთი პარტია, რაც ხდებოდა კიდეც საქართველოს რეალობაში ბოლო წლებში. საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი უნდა ყოფილიყო, თავის დროზე დამფუძნებელ მამებს ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ელოდნენ ამისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა და დღეს გვაქვს ერთპალატიანი პარლამენტი. ასეთ პირობებში პარლამენტის მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების პრაქტიკულად 100% დომინანტი პარტიის ხელშია და მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების 51%-ზე მეტიც მისია, შედეგად ვიღებთ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას, სუსტ აღმასრულებელს, პრეზიდენტს, რომლის ვეტოს ძალა არა აქვს და კონსტიტუციის ხშირ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციის ლეგიტიმაციას აფერმკრთალებს.

პროპორციული სისტემის უპირატესობაა წვრილი პარტიების წარმოდგენა პარლამენტში და მაჟორიტარული სისტემის ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრა. რომ არ იყოს საქართველოში დომინანტური პარტიული სისტემა, არსებითი მნიშვნელობა არც ექნებოდა, პროპორციული სისტემით ავირჩევდით პარლამენტს თუ მაჟორიტარულით, მაგრამ რადგან ეს რეალობა დაგვიდგა, ჩვენც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ, რათა არ მივიღოთ კონფლიქტური პოლიტიკური კულტურა საქართველოში, როცა საზოგადოება ვერ თანხმდება არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკაზე, არამედ იმაზეც კი, თუ გადაწყვეტილებები ინსტიტუციურად როგორ უნდა მიიღებოდეს. წვრილ პარტიებს ეზრდებათ შანსი პარლამენტში მოხვედრისა და შეიძლება, მათ ჯამურად 51% ვერ შეადგინონ და ვერ გადაწონონ ერთი პარტიის ძალა, მაგრამ, მინიმუმ, კონსტიტუციური უმრავლესობით ვერ იქნება დომინანტური პარტია წარმოდგენილი. შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება, მის ვეტოს ამჯერად უკვე ძალა ექნება. 2020 წლიდან, ალბათ, საინტერესო ბატალიები გველოდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
პროპორციული სისტემის ნაკლოვანებები რეგიონების ინტერესების ჩაგვრას უკავშირდება და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
ახლა რაც შეეხება საუკეთესო არჩევანს ჩვენთვის:
დომინანტური პარტიული სისტემის პირობებში პარალელური ხმის მიცემის, ანუ ორივე სისტემის, არსებობა ავტომატურად ნიშნავს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში, რაც კონსტიტუციის ხშირ ცვლილებას იწვევს და შედეგად მის ლეგიტიმურობას აფერმკრთალებს. კონსტიტუცია რაც უფრო რთულად და იშვიათად იცვლება, მით უფრო ლეგიტიმურია. უფრო ზუსტად, კონსტიტუციის ცვლილება ყველაზე უპრიანია, როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება ცვლილების საჭიროებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი ზოგადი საკითხი, რომელიც დროის გამოწვევას უპასუხებს, მაგ. მონობის გაუქმება, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასაკობრივი ცენზი და ა.შ. ინსტიტუტები, მათი ფუნქციები წარამარა არ უნდა იცვლებოდეს, ან თუ იცვლება, მთელი პოლიტიკური სპექტრის ნებართვით უნდა იყოს და არა ერთი პარტიის სურვილით. ასეთ შემთხვევაში აქვს კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია, როგორც ეს აშშ-შია. შესაბამისად,  დომინანტური პარტიული სისტემის მოსასპობად დიახაც, რომ საჭიროა პროპორციული სისტემის შემოღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის.
მაჟორიტარების ძალის შესასუსტებლად მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს პარლამენტში ან პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ამ მხრივ, დაახლოებით 280-კაციანი პარლამენტი (შევარდნაძის დროინდელი), რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ კონსტიტუციით შეცვალა და 150 კაციანი გახადა, ძირითადად პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების ხარჯზე, უფრო ეფექტიანი იქნებოდა დღეს. მინიმუმ 200 მანდატი პროპორციული სისტემით გაიცემოდა, აქედან მაგ. 100-110 იქნებოდა დღეს დომინანტური პარტიის და საბოლოოდ, 90-100 მანდატი მაინც ექნებოდა ოპოზიციას, ანუ კონსტიტუციურ უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებდნენ და ჩვეულებრივ უმრავლესობაში ცუდი არც არაფერია, უფრო ეფექტიანად მიიღება გადაწყვეტილებები.
კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს, რასაც ალბათ ქართული საზოგადოება ყველაზე ნაკლებად გაიზიარებს, მაგრამ ძალაუფლების დივერსიფიკაციისთვის (რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება) უპრიანი მგონია: ორპალატიანი სისტემის შემოღება, პარლამენტის ერთი პალატის მაჟორიტარებით დაკომპლექტება, ხოლო მეორე პალატის - პროპორციული სისტემით გასული დეპუტატებით. კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად ორივე პალატის და პრეზიდენტის თანხმობა უნდა იყოს საჭირო.
არსებობს განსხვავებული სისტემაც.  მექსიკაში ზედა პალატის, სენატის, წევრებს ირჩევენ შემდეგი პრინციპით: ერთ ოლქში იმარჯვებს 3 დეპუტატი, 2 გადის პირველ ადგილზე გასული პარტიიდან, ხოლო 1 - მეორე ადგილზე გასული პარტიიდან. ეს  ნიშნავს, რომ პალატის მინიმუმ 1/3 ოპოზიციური პარტიით შეიძლება დაკოპლექტდეს და რადგანაც გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად 2/3-ზე მეტი ხმაა საჭირო, პალატაში ოპოზიციის ნაწილი მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ გარკვეული ცვლილება განხორციელდეს.
ერთი სიტყვით, ახლა ყველაზე უპრიანია, ჩვენი დროის გამოწვევებს ვუპასუხოთ და ცვლილებები შესაბამისად განვახორციელოთ.


P.S. თუ ღმერთი გწამთ, პარტიულობას ნუ დამაბრალებთ. ყურადღებით წაიკითხეთ სტატია ხელახლა, თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ უპარტიო ვარ J





Sunday, April 1, 2018

მილან კუნდერა, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

ჰიტლერთან შეგუება წარსულის გამეორების უარყოფაზე დაფუძნებული მსოფლიოს ღრმა ზნეობრივ გარყვნილებაზე მეტყველებს, რადგან ასეთ მსოფლიოში ყველაფერი წინასწარ შენდობილი და, ამდენად, ყველაფერი ცინიკურად ნებადართულია
ყოველ მოსწავლეს შეუძლია, ფიზიკის გაკვეთილზე ცდა ჩაატაროს, რომ ამა თუ იმ მეცნიერული ჰიპოთეზოს სისწორეში დარწმუნდეს. მაგრამ ადამიანს მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს და ჰიპოთეზის ცდით შემოწმება არ შეუძლია, ამიტომ ის ვერასოდეს გაიგებს, უნდა დამორჩილებოდა თავის გრძნობებს თუ არა.

იმან ვინც ჯარისკაცივით ტყვედ ბარდება, იარაღი უნდა დაყაროს.

ერთგულება უპირველესია სათნოებათა შორის. ერთგულება ერტიანს ხდის ჩვენს ცხოვრებას. ასე რომ არ იყოს, ცხოვრება ნამსხვრევებად იქცეოდა, უთვალავ წამიერ შთაბეჭდილებად დაინგრეოდა.

სილამაზე, როგორცდ შეცდომა, სილამაზის ისტორიის ბოლო ფაზაა.

სტუდენტებმა სწავლა რომ დაასრულონ, სადიპლომო ნაშრომებისთვის ახალ-ახალ თემებს იგონებენ. ამ თემების რაოდენობა უსასრულოა, რადგან კვლევის საგნებად შეგიძლია ყველაფერი აქციო. ნაწერით აჭრელებულ ქაღალდებს ერთმანეთზე აწყობენ არქივებში, რომლებიც სასაფლაოებზე უფრო ნაღვლიანად გამოიყურება, რადგან იქ მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეებშიც კი არავინ შედის. კულტურა იკარგება პროდუქციის სიმრავლეში, ასოების ნიაღვარში, რაოდენობრივ საგიჟეთში. ამიტომაც ვამბობ, რომ შენს სამშობლოში აკრძალული ერთი წიგნი გაცილებით ღირებულია იმ მილიარდობით სიტყვაზე, რომლებიც ჩვენი უნივერსიტეტებიდან იფრქვევა.

ფიზიკური სიყვარული წარმოუდგენელია ძალადობის გარეშე. 

სიყვარული ძალაზე უარის თქმას ნიშნავს.  ამ ფრაზით ფრანცმა საბინას სექსუალურ ცხოვრებაში საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

[ჩეხეთის ოკუპაციის დღეებში] მინიკაბებში გამოწყობილი გოგოები გრძელ ჯოხებზე ჩამოცმულ ეროვნულ დროშებს აფრიალებდნენ. ეს სექსუალური თავდასხმა იყო ხანგრძლივ ასკეტიზმში მცხოვრებ რუს ჯარისკაცებზე. ასეთი ქალები რუსეთში ალბათ უკვე ხუთასი თუ ექვსასი წელია, არ დაბადებულან და ისინი დემონსტრაციულად გამოხატავენ მათ მიმართ ზიზღს. 

კეკლუცობა ისეთი ქცევაა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მიანიშნებს, რომ მასთან სექსუალური სიახლოვე შესაძლებელია, ოღონდ ეს შესაძლებლობა არასოდესაა უპირობო, სხვა სიტყვებით, კეკლუცობა სიახლოვის დაპირებაა გარანტიის გარეშე. 

ნუთუ მეფის ტახტზე მჯდომ სულელს არაფერზე მოეთხოვება პასუხი იმიტომ, რომ ის სულელია?

ეპიკური მექალთანეების ბოლო იშვიათობების შემგროვებლობაა. ამიტომ, მეგობრები უხერხულობაში რომ არ ჩააგდონ, საზოგადოებაში საყვარლებს არ აჩენენ. 

სიყვარული იწყება იმ წუთას, როდესაც ქალი თავისი პირველი სიტყვებით ჩვენს პოეტურ მეხსიერებაში აღიბეჭდება.

1618 წელს იმპერატორზე გამწარებულმა ჩეხმა დიდგვაროვნებმა ორი მაღალჩინოსანი პრაღის ჰრადის ფანრჯრიდან გადააგდეს. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი, რომელმაც ჩეხი ერი თითქმის სრულ განადგურებამდე მიიყვანა. ხომ არ აჯობებდა, ჩეხებს მაშინ მეტი სიფრთხილე და ნაკლები გამბედაობა გამოევლინათ? 1938 წელს, ევროპამ გადაწყვიტა ჩეხების სამშობლო მსხვერპლად შეეწირა ჰიტლერისთვის. ამა ჩეხებს გაურკვეველი დროით თავისუფლება დააკარგვინა. სიფრთხილეზე მეტად მაშინ გამბედაობა ხომ არ უნდა გამოეჩინათ?

რატომ უნდა ატკინო ვინმეს გული იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში ცუდი გემოვნება გქონდა?  ტერეზა ტომაშს, როცა უმტკიცებს რომ შვილი უნდა ნახოს





Monday, January 15, 2018

2018-2024 წლების ეროვნულის სასწავლო გეგმის შესახებ ისტორიაში (საბაზო საფეხური)

ასწავლო ცოტა და სიღრმისეულად ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ მაინტერესებს ამ სასწავლო გეგმის, რომელიც თვისობრივად რევოლუციურად ახალია, შესაბამისი სახელმძღვანელოების დაწერა, შეფასება და გამოცემა რამდენად რეაისტურია, რომ 2018 წლის სექტემბრისთვის მოესწრება. არ მოესწრება და იქნება უხარისხო. მართალია, მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირება ძალიან ცუდია და გეგმა ამას ითვალისწინებს, მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს სახელმძღვანელო, ის მაინც უნდა არსებობდეს და ძირითად თემებზე მიმართულებას უნდა გაძლევდეს. სხვა საკითხია, რომ ამ ტიპის რევოლუციურ სიახლეს სწავლების მეთოდიკაშიც რევოლუციური სიახლე სჭირდება და რამდენად მზად არიან მასწავლებლები. მათ საგნობრივ კომპეტენციაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საგნობრივი კომპეტენცია სრულიად არასაკმარისია ამ ტიპის სწავლებისთვის. ვინ უნდა უზრუნველყოს მათი გადამზადება ისე, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს. და ეს ყველაფერი იმ პირობებში, როდესაც ძველი გეგმით გათვალისიწნებული მეათე კლასის პროგრამას, რომელიც ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ყველაზე საინტერესოა, თითქმის არავინ იმ დატვირთვით არ ასწავლიდა, რასაც ის გულისხმობდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ცოტამ იცის, რა არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება და კიდევ უფრო ცოტამ იცის, როგორ უნდა ასწავლოს ასე. განა რამდენს მიუცია დავალებად მაგალითად სამოქალაქო საზოგადოებაში შემდეგი რამ: შექმენით თქვენი საკუთარი იდეალური სახელმწიფო? ან რამდენს უსწავლია პირველწყაროს შექმნა მეათე კლასში? ეს იმიტომ ვახსენე, რომ საბაზო საფეხური ზუსტად ამ ტიპის სწავლებაზე გადადის.
ერთი სიტყვით, კი ნამდვილად კარგია აზრია, მაგრამ განხორციელების რეალურ შანსებს ამ ვადებში და ამ პირობებში ვერ ვხედავ და თუ ღმერთმა არ ქნას და ვერ განახორციელეს, გამოვა, რომ ეს ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ პოპულისტური განაცხადია და მეტი არაფერი.
მაგრამ მე ჩემი ქვეყნისთვის მაინც საუკეთესო მინდა, ამიტომაც მის შემქნელებს და დამნერგავებს მაინც წარმატებები მინდა ვუსურვო

Sunday, January 14, 2018

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „წინასწარმეტყველი“

როდესაც სიყვარული გიხმობთ, გაჰყევით მას, ტყმც მის გზები რთულია და ეკლიანი.
თუ მისი ფრთები შემოგეხვიათ, დანებდით მას, თუმც, შესაძლოა, ფაფუკ ბუმბულებს შორის ჩამალულმა ხმალმა დაგჭრათ
სიყვარული გვირგვინს გადგამთ, მაგრამ ჯვარსაც გაცვამთ.
ის გლეწავთ, მაგრამ გაშიშვლებთ
სიყვარული არაფერს გასცემს საკუთარი თავის გარდა და არსაიდა იღებს საკუთარი თავის გარდა.
სიყვარული არაფერს ფლობს და არც ის სურს, რომ მას ფლობდნენ, რადგან სიყვარული მხოლოდ სიყვარულს სჯერდება.

გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ სიყვარულს ხუნდებად ნუ აქცევთ.
იმღერეთ, იცეკვეთ, იმხიარულეთ, მაგრამ თითოეული თქვენთაგანი მარტო იყოს.
მიეცით ერთმანეთს თქვენი გულები, მაგრამ არა მპყრობელობაში.

კარგია წყალობის გაღება, როცა გთხოვენ, მაგრამ უკეთესია, როცა არ გთხოვენ და თავად გესმის.

დიდი სიამოვნებით ადგენთ კანონებს, თუმცა უფრო მეტი სიამოვნებით არღვევთ მას.

რა არის ბოროტება, თუ არა შიმშილისგან და წყურვილისგან გატანჯული სიკეთე?

Tuesday, November 21, 2017

პროპორციული, მაჟორიტარული თუ?


არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, როგორც შედარებითი პოლიტიკის მასწავლებელმა, მინდა ერთი კომენტარი მეც გავაკეთო:
პირველ რიგში მოკლედ შეგახსენებთ ძირითადად რა ტიპის საარჩევნო სისტემა არსებობს:
1) მაჟორიტარული სისტემა, როდესაც ერთი კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეული ირჩევს ერთ კანდიდატს
2) პროპორციული სისტემა დახურული სიით, ანუ როდესაც ხალხი ხმას აძლევს პარტიას და ფაქტობრივად, შემდეგ კი მანდატები ნაწილდება პროპორციულად ხშირ შემთხვევებში, „ბრმად“ ირჩევს პარლამენტის წევრებს
3) შერეული სისტემა, რომელიც გვაქვს ჩვენს და პირველი ორის ნაზავს წარმოადგენს.
3) პროპორციული სისტემა ღია სიით, ანუ როდესაც ხალხი ერთდროულად ხმას აძლევს პარტიას და კონკრეტულ ინდივიდს, მაგალითად, ბიულეტენში წერია პარტიის დასახელება და იქვე ჩაშლილია დეტალურად სხვადასხვა კანდიდატების გვარებიც. ამ სისტემის შედეგად პარტიაში პარტიის ყველაზე ცნობილი და პოპულარული კანდიდატები გადიან, ხოლო არაპოპულარული კანდიდატები, რომლებიც პარტიას შეძლებოდა მეორე მუხლში დასახელებული სისტემის დროს „გაეყოლებინა“, რადგან ცალკე ისინი, როგორც ინდივიდები ვერ მოიგებდნენ არჩევნებს, ამ სისტემით გამორიცხულია.
4) მაჟორიტარული სისტემა არა ერთი კანდიდატის არჩევით, არამედ ადმინისტრაციული ერთეულიდან რამდენიმე კანდიდატის არჩევით
კიდევ რამდენიმე სისტემა არსებობს, თუმცა ეს ძირითადია და თითოეული სისტემის მთავარ მახასიათებლებს მოგახსენებთ:
მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში, როგორც ეს ბრიტანეთსა და აშშ-შია, ქვეყანაში საბოლოო ჯამში ყალიბდება ორპარტიული ან ე.წ. ორნახევარპარტიული სისტემა, რადგან მხოლოდ ორი პარტია შეიძლება არსებობდეს ისეთი, რომელსაც აქვს შანსი 51% გადალახოს და მმართველ ძალად იქცეს. თუმცა ეს არ გამორიცხავს რეგიონული პარტიების პოპულარობას, როგორც ეს ბრიტანეთში და ისინი თითო-თითო მანდატებით შეიძლება მაინც წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში. მაგრამ ისინი მმართველი პარტია ვერასდროს ვერ გახდებიან და მათ ფუნქციას მხოლოდ მუდმივი ოპოზიციონერობა წარმოადგენს და ინდივიდუალური გნიასი.
პროპორციული წესი(დახურული სიით) მეტად ხელს უწყობს წვრილი პარტიების არსებობას, რადგან მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში, მაგ. 7% მხარდაჭერის პარტია ვერ მოხდებოდა პარლამენტში, მაგრამ პროპორციულის შემთხვევაში მოხვდება, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ ვერცერთი წევრი ინდივიდუალურად ვერ გავიდოდა ვერცერთი რაიონიდან, მაგრამ მანდატები მაინც მიიღო პროპორციული სისტემის წყალობით. სწორედ პროპორციული სისტემის წყალობით, თანაც ბარიერის გარეშე, 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოწვეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო 24 პარტია.

პროპორციული წესი(ღია სიით) ხელს უწყობს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დომინანტური პარტიაა, ანუ რეალურად მხოლოდ ერთ პარტიას აქვს შანსი, 51% იანი ბარიერი გადალახოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, მეტ გამჭვირვალობას და მეტად ზრდის ლეგიტიმურობის ხარისხს. გამომდინარე იქიდან, რომ დომინანტური პარიის ისტებლიშმენტმა იცის, რომ ვინც არ უნდა ჩაწეროს დახურული სიით პროპორციული წესით საარჩევნო სისტემის დროს კანდიდატების რანჟირებულ სიაში, პირველი ათეული ან გარკვეული რაოდენობა, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ჩაწეროს ისეთი კანდიდატებისა, რომლებიც ნაკლებ პოპულარულები არიან, მაგრამ პარტიის ისტებლიშმენტს სურს, რომ ისინი მაინც იხილოს პარლამენტში. ასეთი პიროვნებები, ღია სიით არჩევისას ვერასდროს ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ მათი ნაწილი ან არაპოპულარულია ან ნაკლებად გათვითცნობიერებული ელექტორატი საერთოდ აზრზე არ არის, ვინ არიან ისინი. შედეგად, პარლამენტის წევრთა ნაწილს ელექტორატი ეცნობა მხოლოდ მას მერე, რაც მათ აირჩევენ პარლამენტში, რაც რასაკვირველია, არ არის კარგი. მათ წესიერად არც დებატებში მიუღიათ მონაწილეობა და არც რაიმე სხვა წვლილი არ შეუტანიათ, როგორც წესი. სწორედ ამიტომ ღია სიით პროპორციული არჩევა საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, ავირჩიოთ, სასურველი პარტია და მეორე მხრივ ისეთი კანდიდატი გავიდეს პარლამენტში, რომელსაც ხალხი ინდივიდუალურად უჭერს მხარს. შედეგად, ბევრად უფრო ლეგიტიმური პარლამენტი იქნება ჩვენს შემთხვევაში. ვიმეორებ, ეს ისევ და ისევ გამოიწვია დომინანტური პარტიული სისტემის არსებობამ.

რასაკვირველია, ამ მდგომარეობიდან არსებობს სხვა გამოსავალიც: საარჩევნო სისტემა კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ პარტიული სისტემა უნდა შეიცვალოს, კერძოდ, მარტო ერთ პარტიას კი არ უნდა ჰქონდეს მოგების შანსი, არამედ მეორესაც. მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პარტიის ფორმირების პერსპექტივა არ ჩანს, ამიტომაც ისევ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ.
ახლა მეორე საკითხი: შერეული საარჩევნო სისტემა კარგია მაშინ, როდესაც ფედერალური სახელმწიფო გვაქვს და როდესაც ორპალატიანი პარლამენტი არსებობს. თავიდან, როდესაც საქართველოში შექმნეს შერეული სისტემა, პერსპექტივაში (დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ) მოიაზრებოდა, რომ პარლამენტი ორპალატიანი იქნებოდა. ორპალატიანი პარლამენტი კარგია დემოკრატიისთვის, რადგან მართალია, ის აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს, მაგრამ ბევრად უფრო ლეგიტიმურად მიიჩნევა. ჩვენს შემთხვევაში, ისევ და ისევ დომინანტური პარტიული სისტემის პირობებში მუდმივად დადგება პრობლემა, რომ შერეული სისტემა ერთპალატიანი პარლამენტით აუცილებლად შექმნის კონსტიტუციურ უმრავლესობას. ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში ჩვენ სემდეგ სურათს მივიღებდით: ერთი პალატა იქნებოდა კონსტიტუიური უმრავლესობით, მეორე - არა. შედეგად, კონსტიტუცია ასე მარტივად და ხელაღებით ყოველი არჩევნების შემდეგ არ შეიცვლებოდა. ანუ არსებობს მესამე გამოსავალიც - თუ შენარჩუნდება შერეული სისტემა - პარლამენტი გაიყოს ორ პალატად, რათა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი კონსტიტუციური უმრავლესობის შემქნისგან პარლამენტში, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა ძალიან დიდი ძალაუფლებაა, რომელიც წამდაუწუმ, ყოველ არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეს ერთ ან რომელიმე პარტიას.

ამრიგად, რომ შევაჯამოთ სასურველია ქვეყანაში სამი ცვლილება (ან სამიდან ერთერთი მაინც) განხორციელდეს, რათა ბევრად უფრო ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოება მივიღოთ:
ა) შეიცვალოს პარტიული სისტემა, ანუ ჩამოყალიბდეს სხვა პარტია, რომელსაც ექნება რეალური სანსი ხელისუფლებაში მოსვლისა

ბ) შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეს ღია სიით პროპორციული წესით საარჩევნო სისტემაზე
გ) შეიცვალოს საპარლამენტო სისტემა, კერძოდ, შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი

დაე, უფალმა ხელი მოგვიმართოს ყველა სასიკეთო წამოწყებაში და დაგვეხმაროს საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.