მოქალაქეების
სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება ძირითადად ორ პარადიგმაზეა
დაფუძნებული: ინდივიდუალიზმზე ან ეტატიზმზე, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო ან პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს და თითოეული
ინდივიდი მისთვის ძვირფასია, შედეგად ზრუნავს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეს ინდივიდუალიზმია.
ან სახელმწიფო ითხოვს ინდივიდისგან თავგანწირვას იდეისთვის. ეს ეტატიზმია. ინდივიდუალიზმი,
როგორც ღირებულება, პოსტმოდერნულ ხანაში, დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა
და კაპიტალისტური ქვეყნების მთავრობები აიძულა, მემარცხენე ორიენტირები შეემუშავებინათ.
ამან ე.წ. welfare state ჩამოაყალიბა. ეტატიზმი უფრო რუსეთში იყო პოპულარული. ეს ღირებულება,
როგორც ტრადიცია, რუსეთს ცარისტული ეპოქიდან დარჩა, შემდეგ საბჭოთა პერიოდში ის მაქსიმალური
აღზევდა და დღეს ინერციით ისევ რუსეთს შემორჩა. საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნებისთვის
იგი თავსმოხვეული იყო, განსაკუთრებით საქართველოსთვის.
ინდივიდუალიზმი,
როგორც ღირებულება, დასავლეთში რენესანსისა და რეფორმაციის ეპოქაში წარმოიშვა. რენესანსმა
ინდივიდუალური შეხედულებებისადმი გარკვეული ტოლერანტობა დაამკვიდრა, ხოლო ლუთერის მიერ
ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებამ შუა საუკუნეების
ჯოგური აზროვნებიდან საბოლოოდ გამოიყვანა დასავლეთი. რეფორმაციამ საზოგადოება ავტორიტეტების
დამსხვრევასა და ინდივიდების აზრის პატივისცემას ყველაზე მეტად მიაჩვია. ეს პროცესი
დასავლეთ ევროპაში ფაქტობრივად დაკნინებული ბატონყმობისა და ფეოდალიზმის ფონზე მიმდინარეობდა,
რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჯოგური აზროვნებიდან გამოსვლის პროცესს.
ინდივიდუალიზმი
მხოლოდ მოქალაქეების სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულების
პარადიგმა როდია, იგი საზოგადოების მიერ კონკრეტული ადამიანების განსხვავებული აზრის
პატივისცემა და აღიარება, ამასთან, მათდამი ტოლერანტობაცაა.
ინდივიდუალიზმი,
როგორც ღირებულება, საქართველოში განსხვავებულად წარმოიშვა. ამის საილუსტრაციოდ მცირე
მაგალითებს მიმოვიხილავთ. ჯერ კიდევ ახ. წ. V საუკუნეში, როდესაც შუშანიკის წამება
დაიწერა, ინდივიდუალიზმს თავისი ხიბლი ჰქონდა ჩვენში. შუშანიკი მის ეპოქაში დამკვიდრებული
სტერეოტიპების წინააღმდეგ მიდის, ქმარს უპირისპირდება და ეს მოსაწონი საქციელია თანამედროვეთა
თვალში. გასაგებია, რომ ქრისტიანული პროპაგანდა თავის როლს თამაშობს, მაგრამ შუშანიკის
წამების მიზეზი თუ არა, შედეგი მაინც ინდივიდუალური აზროვნებისადმი მეტი პატივისცემის
დამკვიდრება იქნებოდა. XII საუკუნეში რუსთაველი ქმნის პოემას, რომელიც ინდივიდუალიზმის
აპოთეოზია. ყველა პერსონაჟი განსხვავებულია, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება (შვილის
მამისადმი, ქვეშევრდომის მმართველისადმი) გამოწვევებითაა აღსავსე და ამას პრობლემად
ნაწარმოების დადებითი პერსონაჟები არ მიიჩნევენ. ავტორიტეტებისადმი აგდებული დამოკიდებულება
პრობლემად დავარს მიაჩნია, მაგრამ არა როსტევანს, დავარი არ პატიობს ნესტან-დარეჯანს
ურჩობას, ხოლო როსტევანი ავთანდილს პატიობს მისი ნების გარეშე ხეტიალს. XIX-XX საუკუნეების
მიჯნაზე ინდივიდუალიზმის აპოთეოზს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ვხედავთ. რა თქმა უნდა,
აქ საზოგადოების მორალთან დაკავშირებით ყაზბეგის ხსენებაც შეიძლება, თუმცა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“
და „ალუდა ქეთელაური“ მაინც ჯოგური მორალისადმი წინააღმდეგობის და ინდივიდუალიზმის
კლასიკური მაგალითებია. ქართული ინდივიდუალიზმი ასე იწვრთნებოდა.
შემდეგ
იყო საბჭოთა კავშირი. მისი გავლენით ყველანი „ვაშენებდით“ ერთ დიდ ოჯახს, მაგრამ დისიდენტური
აზრიც მალე გაჩნდა და ჩვენში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კიდევ რიგ
საბჭოთა ქვეყნებში, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება კრიტიკული გახდა. ნაციონალიზმის
აღზევებამ, რაც ინდივიდუალიზმის გარეშე წარმოუდგენელია, სხვა ფაქტორებთან ერთად, საბჭოთა
კავშირი დაშალა.
90-იანი
წლების საქართველო იყო მენტალური ბრძოლებისა და ქაოსის პერიოდი. 2000-იანები კიდევ
უფრო. ვერ გაგვერკვია, რა იყო კარგი, და თუ დასავლეთი იყო კარგი, რატომ იყო კარგი?
2010-იანებმა უფრო ნათელი პასუხი მოგვცა ამასთან დაკავშირებით: სახელმწიფო შედგება
ინდივიდებისგან და მთავრობა ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ზრუნავს თითოეული მათგანის
კეთილდღეობაზე, შედეგად, მივიღეთ მთავრობების შედარებითი ტოლერანტობა მანიფესტაციებისადმი,
სახელმწიფო პროგრამები ინდივიდების სასარგებლოდ და ა.შ. ეს ყველაფერი ომის შემდგომ
დასავლეთს მოგვაგონებს. ასევე საზოგადოება ნელნელა მივიდა იმ აზრამდე, რომ ჩვენ კომუნისტური
ჯოგი არ ვართ, ორველისეული დისტოპიური საშინელი რეალობა ჩვენგან აშკარად შორსაა. პირადი
ისტორიების მრავალფეროვნებამაც და გართულებამ, განსხვავებით წარსული კლასიკური „გაიცნეს
ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად სიკვდილამდე“ ინდივიდუალური მორალის
პატივისცემა თუ არა, უნებლიე აღიარება მაინც დაამკვიდრა.
დღეს
ჩვენ ჯოგი აღარ ვართ, ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია, სწორედ ამიტომაც არის საქართველო
უკვე არა პოსტ-საბჭოთა, არამედ ევროპული ქვეყანა. მომავალი ამ მხრივ, უფრო საინტერესოდ
მეჩვენება, რადგან ეს ის გზაა, რომელსაც უკან დასახევი არ აქვს.