უკანასკნელ დღეებში
აქტუალური გახდა საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი, კერძოდ, საქართველოს
პარლამენტის დეპუტატებით დაკოპლექტების პრინციპი. დღესდღეობით პარლამენტს ე.წ. პარალელური
ხმის მიცემით, ანუ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით, ვირჩევთ ერთდროულად. დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს არც მხოლოდ მაჟორიტარული, როგორც ეს ინგლისშია, და
არც მხოლოდ პროპორციული სისტემა, როგორც ეს იყო ერთხანს რუსეთში, როდესაც პუტინმა,
საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით, 2006 წელს შემოიღო მხოლოდ პროპორციული სისტემა
და ასევე, ბარიერი აწია 7%-მდე.
ორივე სისტემას
აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკრეტულ შემთხვევაში ქართული საზოგადოების
მიზანს წარმოადგენს დომინანტური პარტიული სისტემის (ანუ მდგომარეობის, როდესაც 51%-იანი ბარიერის გადალახვის
შანსი მხოლოდ ერთ პარტიას აქვს) მოშლა.
პირველ რიგში განვიხილოთ
მაჟორიტარული სისტემის უპირატესობანი:
მაჟორიტარული სისტემის
პირველი უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: მაჟორიტარები რეგიონების წარმომადგენლები
არიან, შესაბამისად, პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დაშორებული რეგიონებსაც კი შეუძლიათ
დაიცვან თავიანთი ინტერესები. მაგ. თუ სამეგრელოს სოფ. ახუთს სჭირდება საგზაო მაგისტრალის
აღდგენა, ეს საკითხი პარლამენტში უნდა გაიტანოს, პირველ რიგში, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე რეგიონების ინტერესი ნაკლებად იქნება დაცული.
მეორე უპირატესობა,
რომელიც მაჟორიტარულ სისტემას გააჩნია, არის ორპარტიული (ან ორ-ნახევარპარტიული) სისტემის
წარმოქმნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის პირობებში, პრაქტიკულად, მხოლოდ 2 ან 3 პარტიის
კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ რეგიონში გამარჯვების მოპოვების შანსი. ამის
მაგალითი დიდი ბრიტანეთია, სადაც მაჟორიტარულმა სისტემამ საბოლოოდ მოგვცა ლეიბორისტული
და კონსერვატიული პარტიების ჭიდილი და, პლუს, ზოგჯერ ლიბერალებსაც აქვთ შანსი, პარლამენტში
მოხვდნენ. რატომ არის ეს უპირატესობა? გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მისაღებად
საჭიროა პარლამენტის 51% მაინც თანხმდებოდეს კონკრეტულ პოლიტიკაზე, რაც ხდება პარლამენტში
ერთი პარტიის დომინირების შემთხვევაში, ამიტომაც ორპარტიული სისტემა, უმეტესწილად,
უზრუნველყოფს იმას, რომ ან ერთი ან მეორე პარტიას იმარჯვებს და არ მივიღებთ ე. წ. hung
parliament-ს, რომელშიც რამდენიმე პარტიის გაერთიანებაა საჭირო იმისათვის, რათა
51% ჩამოყალიბდეს. ასეთი შემთხვევა ინგლისს ორჯერ, პირველად 2010 და მეორედ, 2017 წელს,
ჰქონდა. ორივე შემთხვევაში ასეთი პარლამენტის მიერ შექმნილ მინისტრთა კაბინეტს გარკვეული
კრიზისები ახასიათებდა და გადაწყვეტილებები ისე სწრაფად ვერ იღებდნენ, როგორც საჭირო
იყო. მაჟორიტარულ სისტემაში ეს მაინც იშვიათად ხდება, რადგან ორპარტიული სისტემა ყალიბდება
ძირითადად და ხან ერთი პარტია იგებს არჩევნებს, ხან მეორე. პროპორციულ სისტემაში, და
მით უფრო, „უბარიერო“ პროპორციულ სისტემაში, ბევრად მეტი შანსია მივიღოთ ე. წ. hung
parliament. ამაზე ქვემოთ.
ახლა მაჟორიტარული
სისტემის ნაკლოვანებებს რაც შეეხება:
მაჟორიტარულ სისტემას
ახასიათებს წვრილი პარტიების მნიშვნელობის დაკნინება. მაგ. პროპორციული სისტემის შემთხვევაში
თუ პარტია მოიპოვებდა 30% და თუ პარლამენტში
100 მანდატია, შესაბამისად, 30 მანდატს, მაჟორიტარულის შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდ
ვერ მოიპოვოს ვერც ერთი მანდატი, რადგან თითოეულ ოლქში ინდივიდუალურად მის კანდიდატს
გასამარჯვებლად სჭირდებოდა 51%-იანი ბარიერი. ბრიტანეთში გამარჯვებისთვის კანდიდატს
უბრალო უმრავლესობა ყოფნის (plurality), ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მხოლოდ 31%-იანი
მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ მაინც მოიგოს, რადგან სხვებზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოში
გამარჯვებისთვის პარლამენტარს, ისევე როგორც
პრეზიდენტს, აბსოლუტური უმრავლესობა (majority) (51%) სჭირდება. ასეთ შემთხვევებში
მცირე მხარდაჭერის პარტიებს უფრო ურთულდებათ ვითარება და მანდატის მოპოვება მაჟორიტარულ
ოლქებში. შედეგად, თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტიის წევრებს აქვთ თეორიული შანსი,
პარტიული რესურსებით მიიღონ 51%-იანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მაჟორიტარულ
ოლქს მოიგებს ერთი პარტია, რაც ხდებოდა კიდეც საქართველოს რეალობაში ბოლო წლებში. საქართველოს
პარლამენტი ორპალატიანი უნდა ყოფილიყო, თავის დროზე დამფუძნებელ მამებს ასე
ჰქონდათ ჩაფიქრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ელოდნენ ამისთვის,
მაგრამ ასე არ მოხდა და დღეს გვაქვს ერთპალატიანი პარლამენტი. ასეთ პირობებში პარლამენტის
მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების პრაქტიკულად 100% დომინანტი პარტიის ხელშია
და მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების 51%-ზე მეტიც მისია, შედეგად ვიღებთ
პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას, სუსტ აღმასრულებელს, პრეზიდენტს, რომლის ვეტოს
ძალა არა აქვს და კონსტიტუციის ხშირ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციის ლეგიტიმაციას აფერმკრთალებს.
პროპორციული სისტემის
უპირატესობაა წვრილი პარტიების წარმოდგენა პარლამენტში და მაჟორიტარული სისტემის ხსენებული
ხარვეზის აღმოფხვრა. რომ არ იყოს საქართველოში დომინანტური პარტიული სისტემა, არსებითი
მნიშვნელობა არც ექნებოდა, პროპორციული სისტემით ავირჩევდით პარლამენტს თუ მაჟორიტარულით,
მაგრამ რადგან ეს რეალობა დაგვიდგა, ჩვენც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ, რათა არ მივიღოთ
კონფლიქტური პოლიტიკური კულტურა საქართველოში, როცა საზოგადოება ვერ თანხმდება არა
მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკაზე, არამედ იმაზეც კი, თუ გადაწყვეტილებები ინსტიტუციურად
როგორ უნდა მიიღებოდეს. წვრილ პარტიებს ეზრდებათ შანსი პარლამენტში მოხვედრისა და შეიძლება,
მათ ჯამურად 51% ვერ შეადგინონ და ვერ გადაწონონ ერთი პარტიის ძალა, მაგრამ, მინიმუმ,
კონსტიტუციური უმრავლესობით ვერ იქნება დომინანტური პარტია წარმოდგენილი. შედეგად,
პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება, მის ვეტოს ამჯერად უკვე ძალა ექნება. 2020 წლიდან,
ალბათ, საინტერესო ბატალიები გველოდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
პროპორციული სისტემის
ნაკლოვანებები რეგიონების ინტერესების ჩაგვრას უკავშირდება და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
ახლა რაც შეეხება
საუკეთესო არჩევანს ჩვენთვის:
დომინანტური პარტიული
სისტემის პირობებში პარალელური ხმის მიცემის, ანუ ორივე სისტემის, არსებობა ავტომატურად
ნიშნავს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში, რაც კონსტიტუციის ხშირ ცვლილებას იწვევს
და შედეგად მის ლეგიტიმურობას აფერმკრთალებს. კონსტიტუცია რაც უფრო რთულად და იშვიათად
იცვლება, მით უფრო ლეგიტიმურია. უფრო ზუსტად, კონსტიტუციის ცვლილება ყველაზე უპრიანია,
როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება ცვლილების საჭიროებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს
ისეთი ზოგადი საკითხი, რომელიც დროის გამოწვევას უპასუხებს, მაგ. მონობის გაუქმება,
ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასაკობრივი ცენზი და ა.შ. ინსტიტუტები, მათი ფუნქციები
წარამარა არ უნდა იცვლებოდეს, ან თუ იცვლება, მთელი პოლიტიკური სპექტრის ნებართვით
უნდა იყოს და არა ერთი პარტიის სურვილით. ასეთ შემთხვევაში აქვს კონსტიტუციას მაღალი
ლეგიტიმაცია, როგორც ეს აშშ-შია. შესაბამისად, დომინანტური პარტიული სისტემის მოსასპობად დიახაც,
რომ საჭიროა პროპორციული სისტემის შემოღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი
გამოსავალი არ არის.
მაჟორიტარების ძალის
შესასუსტებლად მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს პარლამენტში ან პროპორციული სისტემით
არჩეული დეპუტატების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ამ მხრივ, დაახლოებით 280-კაციანი პარლამენტი
(შევარდნაძის დროინდელი), რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ კონსტიტუციით შეცვალა და
150 კაციანი გახადა, ძირითადად პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების ხარჯზე, უფრო
ეფექტიანი იქნებოდა დღეს. მინიმუმ 200 მანდატი პროპორციული სისტემით გაიცემოდა, აქედან
მაგ. 100-110 იქნებოდა დღეს დომინანტური პარტიის და საბოლოოდ, 90-100 მანდატი მაინც
ექნებოდა ოპოზიციას, ანუ კონსტიტუციურ უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებდნენ და ჩვეულებრივ
უმრავლესობაში ცუდი არც არაფერია, უფრო ეფექტიანად მიიღება გადაწყვეტილებები.
კიდევ ერთი გამოსავალი
არსებობს, რასაც ალბათ ქართული საზოგადოება ყველაზე ნაკლებად გაიზიარებს, მაგრამ ძალაუფლების
დივერსიფიკაციისთვის (რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება) უპრიანი მგონია: ორპალატიანი
სისტემის შემოღება, პარლამენტის ერთი პალატის მაჟორიტარებით დაკომპლექტება, ხოლო მეორე
პალატის - პროპორციული სისტემით გასული დეპუტატებით. კონკრეტული გადაწყვეტილებების
მისაღებად ორივე პალატის და პრეზიდენტის თანხმობა უნდა იყოს საჭირო.
არსებობს განსხვავებული
სისტემაც. მექსიკაში ზედა პალატის, სენატის,
წევრებს ირჩევენ შემდეგი პრინციპით: ერთ ოლქში იმარჯვებს 3 დეპუტატი, 2 გადის პირველ
ადგილზე გასული პარტიიდან, ხოლო 1 - მეორე ადგილზე გასული პარტიიდან. ეს ნიშნავს, რომ პალატის მინიმუმ 1/3 ოპოზიციური პარტიით
შეიძლება დაკოპლექტდეს და რადგანაც გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად 2/3-ზე მეტი
ხმაა საჭირო, პალატაში ოპოზიციის ნაწილი მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ გარკვეული ცვლილება
განხორციელდეს.
ერთი სიტყვით, ახლა
ყველაზე უპრიანია, ჩვენი დროის გამოწვევებს ვუპასუხოთ და ცვლილებები შესაბამისად განვახორციელოთ.
P.S.
თუ ღმერთი გწამთ, პარტიულობას ნუ დამაბრალებთ. ყურადღებით წაიკითხეთ სტატია
ხელახლა, თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ უპარტიო ვარ J