Friday, August 20, 2010

ფიგერესიდან ბარსელონამდე

დალი მუზეუმი ისე სიურრეალისტურადაა მოწყობილი, როგორადაც დალის შეეფერებოდა. ნორმალური შენობა, მიუხედავად ამისა, თანიმდევრობა არა ნორმალურია და ზემოთ-ქვემოთ დაყიალობ, ისე რომ ორიენტაციის უნარს კარგავ საბოლოოდ. დალია, რა.
მუზეუმიდან უკანა გზაზე რენფეთი რომ ვბრუნდებდი, ჟორონაში მატარებელი დიდხანს გაჩერდა. ვერ გავიგე, რატომ გაჩერდა, ესპანელი ქალისგან მაგდენ ესპანურსაც ვერ ვიგებდი, მიზეზს რომ მივხვმდარიყავი და ერთ კაცს, რომელსაც ესპანურში ცოტა რუსული აქცენტი ეტყობოდა, გამოველაპარაკე, ჩემს უკან იჯდა, რაღაც ძალიან აქტიური ჩანდა, მივხვდი რომ მიზეზი იცოდა და ვკითხე, ესპანურის გარდა რა ენზე ლაპარაკობთ-მეთქი. "არაფერი მნიშვნელოვანიო" - მითხრა. არ მოვეშვი - "მაინც-მეთქი?" და "Ruso-ო მიპასუხა". გამოველაპარაკე. ბავშვები "რაგატკებს" ესროდნენ და მაგიტო გააჩერესო. საუბარში ესპანელმა ქალმა ჰკითხა, თქვენი ქვეყნიდანა, რუსიაო? იმან უთხრა "არა, შეიძლება სომეხია" ჩემი "არა"-თი ეგრევე მიხვდა და მეუბნება: "ქართველი ხარ, გოგოო?". თან ქართულად. გამიკვირდა ასეთი მოულოდელი შეხვედრა, საინტერესო დიალოგი გაიმართა მერე ჩვენს შორის:
-"მე კი ვარ ქართველი, მაგრამ თქვენ ასეთი თავანკარა ქართული საიდან იცით-მეთქი?"
-"მე ბებია მყავდა ქართველი, ფოთელი ჩაჩავაო."
-"დიდი გვარის ბებია გყოლიათ."
-"რატომ?"
-"ცნობილი ქართველი გინეკოლოგი იყო ჩაჩავა"
-"საიდან ხართ?"
-"მე მამა რუსი მყავს, მაგრამ საქართველოში დავიდაბე და 6 წლამდე მანდ ვიზრდებოდი, მერე რუსეთში, საქართველოში ჩავდიდი ხოლმე, მაგრამ რაც ბებია გარდამეცვალა, არ ვყოფილვარ. 9 წელია ესპანეთში ვცხოვრობ. მე სახელი ქართული მაქვს: ზური და ამისა გამო რუსეთში სულ პრობლემა მქონდა. ამ ბოლო დროსაც ვიყავი, ომის მერე რუსეთში. ვიღაც პოლიციელმა გამაჩერა, დახედა საუბრებს და მეუბნება: "а почему у тебя отчество, фамилия русская, а имя грузинское"-ო. მეც ვუპასუხე: "Мой дед во второй мировой войне с Грузином воевал, он его спас и в честь его назвали"-მეთქი და დამანება თავი. რუსეთში რომ ჩავდივარ, მხეც ქართველს მეძახიან და საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მოღალატე რუსსო."
არადა, ქართველებს ლიბერალებად მოგვაქვს თავი და ასეთ კაცს რუსობას ვერ ვპატიობთ, მაშინ როცა ბებიის სისხლი აშკარად მეტია მაგ კაცში, ვიდრე მთელი სლავური მოდგმის. საინტერესო იყო ამ კაცის შეფასებ ბოლოდროინდელ მოველებზე, მაგრამ მე მაინც არ ვკითხე, თვითონ წამოიწყო:
- "ორივე მთავრობა საზიზღარია, გინდა პუტინი, გინდა სააკაშვილი, ომი აატრიალეს და ხალხი ვეღარ კონტაქტობს ნორმალურად, დაშალეს ქვეყანა და ახლა ხალხს აჩხუბებენ ერთმანეთს."
როგორ გინდა ასეთს აუხსნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი უნდაგამხდარიყო და თავისი ტერიტორიები უნდა დაეცვა, ამიტომ პასუხი სხვანაირად გავეცი:
-"იმ რუსეთსაც რად უნდა, რომ ამდენ ფულს ხარჯავს უაზრო ომში, მოგებას ამ ტერიტორიებიდან ვერ იღებს, ისევ და ისევ უაზროდ აწვება მაგის ბიუჯეტს ყველანაირად ეს ომი და ამ ტერიტორიებისთვის ჭიდილი."
შევცვალე მერე საუბრის თემა და ვკითხე:
-ესპანური საიდან იცით?
-МГИМО-ში ვსწავლობდი, იქ მასწავლეს."
ისე მაგის პასუხს პოლიციელს რომ უთხრა, მანდ ნასწავლობა კი ეტყობოდა. მერე გააგრძელა:
-"ქართულად დიდი ხანია, არ მილაპარაკია, ბავშვობის მერე საქართველოში არ ვყოფილვარ, მოსკოვში ვის დაველაპარაკებოდი."
-"ისე, მოსკოვში მეგრელები არიან ბევრი, თუმცა, ბევრმა რუული და მეგრული იცის მარტო"
-რუსული და მეგრული კი არა "სქან ...." მეტი არაფერი არ იციან მაგათ. წელს ჩავდივარ საქართველოში ბებიის საფლავი დაკრძალვის მერე არ მინახავს, სენაკში ბიძა მყავს, სოხუმიდან გადმოსული და მაგათ მინდა მივაკითხო კიდევო"
ამასობაში მისი ჩასვლის დროცს მოვიდა.
დამემშვიდობა: "სულით და გულით ბედნიერებას გისურვებო" და სილსში ჩავიდა.

Thursday, August 19, 2010

ბარსელონას მუზეუმებში

ბევრ მუზეუმში ვიყავი იქ ყოფნისას. საგრადა ფამილიას მერე გაუდის პარკში ვიყავი, თურმე ულამაზესი პარკია, მე კიდევ მთელი საღამო გაუდის მუზეუმს ვეძებდი. ათასობით ადამიანი იყო და მეათედს არ ეცოდინებოდა გაუდის სახლ-მუზეუმი
კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმში წავედი, სადაც ყველა არქეოლოგიური მუზეუმის გაერთიანებული ბილეთი ვიყიდე და გავეშურე ყველაფრის დასათვალიერებლად. კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმში ძირითადად რომაული პერიოდის ექსპონატები იყო და ითიფალური ქანდაკებების გამო მუზეუმი სანახევროდ ეროტიკულ ხასიათს ატარებდა.
ბარსელონას ისტორიის მუზეუმიც ძალიან საინტერესო იყო. ძლივს მივაგენი, მაგრამ ღირდა ნამდვილად. პირველი სართული,რომელიც სარდაფივით მიწისქვეშ იყო, რომაული პერიოდის ქალაქი გახლდათ, მეორე სართული შუასაუკუნეებისა,ბოლოს კი ყველაზე ახალი პერიოდი იყო წარმოდგენილი. საინტერესო ექსპონატი ვიპოვე: არაგონის მეფის ჟაუმე პირველის (1213-1276) მონეტა, ხუთჯვრიანი სიმბოლიკით, მაგრამ თავისებური ფორმის. ოთხი ნაწილიდან ორ მოპირდაპირე მხარეს სამი მსხვილი წერტილი იყო, ორ მოპირდაპირეს კი ჯვრები. ვნახე კაროლინგური მონეტა სვასტიკით.
პიკასოს მუზეუმში იყო ვნახე პიკასოს დახატული სრულიად ნატურალისტური ნახატი: ფილიპე მეოთხის პორტრეტი, ველასკესის ზუსტი ასლი. პიკასოს კუბისტური ნახატების შემხედვარე კაცი იფიქრებს ნამდვილად შეეძლო თუ არა ამ ადამიანს ფიგურების ადეკვატურად და არა სიურრეალისტურად აღქმა. ძალიან ლამაზი იყო პიკასოს ადრინდელი ნამუშევრები, ყველაზე მეტად ფანქრით დახატული პეიზაჟები მომეწონა. პიკასოს ეროტიკული ნახატების სერია - „სელესტინა“, რა თქმა უნდა დამთვალიერებლების დიდ ინტერესს იწვევს. დროებითი გამოფენაც იყო. პიკასო და რუსინიოლი, მათ მეგობრობაზე და მათი შარჟები ერთმანეთზე, რომელიც, რა თქმა უნდა, პიკასოს დახატულები უფრო უხამსი იყო.
ბარბიე-მიულერის წინაკოლუმბამდელი ხელოვნების მუზეუმში ელენე გამახსენდა. იმდენი მეზოამერიკული ღვთაების ქანდაკება იყო იქ.
სიაინტერესო იყო ეგვიპტის მუზეუმიც. ბევრი სარკოფაგი იყო: ხის, თიხის, ქვის, ეგვიპტელების ყველანაირი მასალიგან აკეთებდნენ სარკოფაგებს, როგორც ჩანს. საინტერესო ექსპონატებიც იყო: ფარაონ დომიციანეს ბარელიეფი, კატა ყურში საყურით.
ფიგერესში ერთ პატარა მუზეუმში ვიყავი, სადაც კატალონიელი მხატვრების იყო გამოფენილი. იქ ვნახე ოლგა სახაროვას ნახატი, რომელიც თბილისში დაიბადა, პრიმიტივიზმის და სიურრეალიზმის წარმომადგენელია ანუ გავლენა განიცადა როგორც ფიროსმანის, ისე მისი თანამედროვე დიდი ესპანელი სიურრეალისტების.

Dies diem docet

კონგრესი დაიწყო და მეც ვესწრები შეძლებისდაგვარად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მარტო იმ მოხსენებებს ვესწრები, რომლებიც მაინტერესებს. ბარსელონა კი ისეთი ქალაქი, ერთი კვირა კი არა ერთი თვე არ გეყოფა დასათვალიერებლად. ორშაბათს დილიდან დაღამებამდე კონგრესზე ვიყავი, დილით იყო ბარსელონას უნივერსიტეტის ყველაზე ლამაზ აუდიტორიაში, პარანიმფში, კონგრესის გახსნა. გვიანშუასაუკუნეებისას მოხატული კედლებით და ლათინური შეგონებებით.
მოხსენებებს რომ ვუსმენდი,თან ვითვალისწინებდი, რა და როგორ უნდა გავაუმჯობესო ჩემი მოხსენებისთვის. საინტერესოა, მაგრამ მე რატომღაც მეგონა, რომ ამისთანა კონგრესზე რაღაც სერიოზულად ახალი და რევოლუციური გამოჰქონდა ყველას. კრიტერიუმად საერთოდ არ ვიღებ იმათ, ვისი მოხსენებაც პრაქტიკულად ჩავარდა, შევაფასებდი მხოლოდ კარგად მიჩნეულ მოხსენებებს ან საერთოდაც ისეთებს, რომლებზეც ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა მოსასმენად. ასეთი მოხსენებები ძირითადად იყო შემდეგი სახის: ნარატიულად კარგად წარმოდგენლი მასალა და რაღაცის შესახებ გამოთქმული ახალი მოსაზრება. ბოლოში თანდართული თეზისი სწორედ ასეთი იყო: მხოლოდ მოსაზრება და არავითარი აღმოჩენა და სიახლე. რა თქმა უნდა, იყო შესანიშნავი მოხსნებებიც: მაგალითად, პოლ ზიმანსკის მოხსენება ურარტულ ქალაქებზე. ეს იყო გათხრების ანგარიში და ამასთან მოსაზრებები, დასკვნები, ამდენად, ძალზედ ღირებული. ზიმანსკის მოხსენება ისედაც საინტერესო იყო ჩემთვის ქართველოლოგიური კუთხითაც. ის ამტკიცებდა, რომ ურარტულ ქალაქებში ცხოვრობდნენ უმეტესწილად სამხედრო ტყვეები. ურარტულ ქალაქ აიანისის გათხრებისას მათ აღმოაჩინეს წარწერა,რომელშიც მოხსენიებულია სხვადასხვა ტომები, მათ შორის მან ახსენა მუშქები. სწორედ ამან დამაინტრიგა და ვკითხე კიდეც: ამ ტომებიდან ვინმეს თუ აქვს თქვენი აზრით, კოლხებთან კავშირი-მეთქი. მიპასუხა: - კიო და დაასახელა კიდეც ქვეყანა, რომელსაც თვლიდა, რომ იყო კოლხებთან დაკავშირებული - ეტიუნი. მის რუკაზეც ასე ჩანდა, რომ სწორედ ეტიუნი მოიცავდა კოლხების ადგილსაცხოვრისს. ტრაბზონისგან აღმოსავლეთით, მაგრამ არა მთლად ევფრატის სათავეებამდე.
ჩემი მოხსენება ქაშქებზე იყო, უმეტესწილად ხეთოლოგები ესწრებოდნენ. მე დიდხანს არ მილაპარაკია, მაგრამ შეკითხვები ბევრი დამისვეს. ერთმა ხეთოლოგმა მითხრა, რომელიღაც ანტიკურ წყაროში წავაწყდი თიფიასთან დაკავშირება რომ შეიძლება ისეთ ტოპონიმს,
რომელიც იმდროინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე იყო. სამწუხაროდ, ვერ გაიხსენა ზუსტად. მე რაც მინახავს, ანტიკური წყაროები, არ მახსენდება. მოსაძებნია, კარგი იქნებოდა დაკავშირებისთვის.