Tuesday, November 21, 2017

პროპორციული, მაჟორიტარული თუ?


არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, როგორც შედარებითი პოლიტიკის მასწავლებელმა, მინდა ერთი კომენტარი მეც გავაკეთო:
პირველ რიგში მოკლედ შეგახსენებთ ძირითადად რა ტიპის საარჩევნო სისტემა არსებობს:
1) მაჟორიტარული სისტემა, როდესაც ერთი კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეული ირჩევს ერთ კანდიდატს
2) პროპორციული სისტემა დახურული სიით, ანუ როდესაც ხალხი ხმას აძლევს პარტიას და ფაქტობრივად, შემდეგ კი მანდატები ნაწილდება პროპორციულად ხშირ შემთხვევებში, „ბრმად“ ირჩევს პარლამენტის წევრებს
3) შერეული სისტემა, რომელიც გვაქვს ჩვენს და პირველი ორის ნაზავს წარმოადგენს.
3) პროპორციული სისტემა ღია სიით, ანუ როდესაც ხალხი ერთდროულად ხმას აძლევს პარტიას და კონკრეტულ ინდივიდს, მაგალითად, ბიულეტენში წერია პარტიის დასახელება და იქვე ჩაშლილია დეტალურად სხვადასხვა კანდიდატების გვარებიც. ამ სისტემის შედეგად პარტიაში პარტიის ყველაზე ცნობილი და პოპულარული კანდიდატები გადიან, ხოლო არაპოპულარული კანდიდატები, რომლებიც პარტიას შეძლებოდა მეორე მუხლში დასახელებული სისტემის დროს „გაეყოლებინა“, რადგან ცალკე ისინი, როგორც ინდივიდები ვერ მოიგებდნენ არჩევნებს, ამ სისტემით გამორიცხულია.
4) მაჟორიტარული სისტემა არა ერთი კანდიდატის არჩევით, არამედ ადმინისტრაციული ერთეულიდან რამდენიმე კანდიდატის არჩევით
კიდევ რამდენიმე სისტემა არსებობს, თუმცა ეს ძირითადია და თითოეული სისტემის მთავარ მახასიათებლებს მოგახსენებთ:
მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში, როგორც ეს ბრიტანეთსა და აშშ-შია, ქვეყანაში საბოლოო ჯამში ყალიბდება ორპარტიული ან ე.წ. ორნახევარპარტიული სისტემა, რადგან მხოლოდ ორი პარტია შეიძლება არსებობდეს ისეთი, რომელსაც აქვს შანსი 51% გადალახოს და მმართველ ძალად იქცეს. თუმცა ეს არ გამორიცხავს რეგიონული პარტიების პოპულარობას, როგორც ეს ბრიტანეთში და ისინი თითო-თითო მანდატებით შეიძლება მაინც წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში. მაგრამ ისინი მმართველი პარტია ვერასდროს ვერ გახდებიან და მათ ფუნქციას მხოლოდ მუდმივი ოპოზიციონერობა წარმოადგენს და ინდივიდუალური გნიასი.
პროპორციული წესი(დახურული სიით) მეტად ხელს უწყობს წვრილი პარტიების არსებობას, რადგან მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში, მაგ. 7% მხარდაჭერის პარტია ვერ მოხდებოდა პარლამენტში, მაგრამ პროპორციულის შემთხვევაში მოხვდება, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ ვერცერთი წევრი ინდივიდუალურად ვერ გავიდოდა ვერცერთი რაიონიდან, მაგრამ მანდატები მაინც მიიღო პროპორციული სისტემის წყალობით. სწორედ პროპორციული სისტემის წყალობით, თანაც ბარიერის გარეშე, 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოწვეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო 24 პარტია.

პროპორციული წესი(ღია სიით) ხელს უწყობს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დომინანტური პარტიაა, ანუ რეალურად მხოლოდ ერთ პარტიას აქვს შანსი, 51% იანი ბარიერი გადალახოს და მოვიდეს ხელისუფლებაში, მეტ გამჭვირვალობას და მეტად ზრდის ლეგიტიმურობის ხარისხს. გამომდინარე იქიდან, რომ დომინანტური პარიის ისტებლიშმენტმა იცის, რომ ვინც არ უნდა ჩაწეროს დახურული სიით პროპორციული წესით საარჩევნო სისტემის დროს კანდიდატების რანჟირებულ სიაში, პირველი ათეული ან გარკვეული რაოდენობა, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ჩაწეროს ისეთი კანდიდატებისა, რომლებიც ნაკლებ პოპულარულები არიან, მაგრამ პარტიის ისტებლიშმენტს სურს, რომ ისინი მაინც იხილოს პარლამენტში. ასეთი პიროვნებები, ღია სიით არჩევისას ვერასდროს ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში, იმიტომ რომ მათი ნაწილი ან არაპოპულარულია ან ნაკლებად გათვითცნობიერებული ელექტორატი საერთოდ აზრზე არ არის, ვინ არიან ისინი. შედეგად, პარლამენტის წევრთა ნაწილს ელექტორატი ეცნობა მხოლოდ მას მერე, რაც მათ აირჩევენ პარლამენტში, რაც რასაკვირველია, არ არის კარგი. მათ წესიერად არც დებატებში მიუღიათ მონაწილეობა და არც რაიმე სხვა წვლილი არ შეუტანიათ, როგორც წესი. სწორედ ამიტომ ღია სიით პროპორციული არჩევა საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, ავირჩიოთ, სასურველი პარტია და მეორე მხრივ ისეთი კანდიდატი გავიდეს პარლამენტში, რომელსაც ხალხი ინდივიდუალურად უჭერს მხარს. შედეგად, ბევრად უფრო ლეგიტიმური პარლამენტი იქნება ჩვენს შემთხვევაში. ვიმეორებ, ეს ისევ და ისევ გამოიწვია დომინანტური პარტიული სისტემის არსებობამ.

რასაკვირველია, ამ მდგომარეობიდან არსებობს სხვა გამოსავალიც: საარჩევნო სისტემა კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ პარტიული სისტემა უნდა შეიცვალოს, კერძოდ, მარტო ერთ პარტიას კი არ უნდა ჰქონდეს მოგების შანსი, არამედ მეორესაც. მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პარტიის ფორმირების პერსპექტივა არ ჩანს, ამიტომაც ისევ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ.
ახლა მეორე საკითხი: შერეული საარჩევნო სისტემა კარგია მაშინ, როდესაც ფედერალური სახელმწიფო გვაქვს და როდესაც ორპალატიანი პარლამენტი არსებობს. თავიდან, როდესაც საქართველოში შექმნეს შერეული სისტემა, პერსპექტივაში (დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ) მოიაზრებოდა, რომ პარლამენტი ორპალატიანი იქნებოდა. ორპალატიანი პარლამენტი კარგია დემოკრატიისთვის, რადგან მართალია, ის აფერხებს კანონშემოქმედებით პროცესს, მაგრამ ბევრად უფრო ლეგიტიმურად მიიჩნევა. ჩვენს შემთხვევაში, ისევ და ისევ დომინანტური პარტიული სისტემის პირობებში მუდმივად დადგება პრობლემა, რომ შერეული სისტემა ერთპალატიანი პარლამენტით აუცილებლად შექმნის კონსტიტუციურ უმრავლესობას. ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში ჩვენ სემდეგ სურათს მივიღებდით: ერთი პალატა იქნებოდა კონსტიტუიური უმრავლესობით, მეორე - არა. შედეგად, კონსტიტუცია ასე მარტივად და ხელაღებით ყოველი არჩევნების შემდეგ არ შეიცვლებოდა. ანუ არსებობს მესამე გამოსავალიც - თუ შენარჩუნდება შერეული სისტემა - პარლამენტი გაიყოს ორ პალატად, რათა მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი კონსტიტუციური უმრავლესობის შემქნისგან პარლამენტში, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა ძალიან დიდი ძალაუფლებაა, რომელიც წამდაუწუმ, ყოველ არჩევნებზე არ უნდა ჰქონდეს ერთ ან რომელიმე პარტიას.

ამრიგად, რომ შევაჯამოთ სასურველია ქვეყანაში სამი ცვლილება (ან სამიდან ერთერთი მაინც) განხორციელდეს, რათა ბევრად უფრო ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოება მივიღოთ:
ა) შეიცვალოს პარტიული სისტემა, ანუ ჩამოყალიბდეს სხვა პარტია, რომელსაც ექნება რეალური სანსი ხელისუფლებაში მოსვლისა

ბ) შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეს ღია სიით პროპორციული წესით საარჩევნო სისტემაზე
გ) შეიცვალოს საპარლამენტო სისტემა, კერძოდ, შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი

დაე, უფალმა ხელი მოგვიმართოს ყველა სასიკეთო წამოწყებაში და დაგვეხმაროს საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.