Monday, October 21, 2019

ინდივიდუალიზმი თუ ეტატიზმი?



მოქალაქეების სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება ძირითადად ორ პარადიგმაზეა დაფუძნებული: ინდივიდუალიზმზე ან ეტატიზმზე, სხვა სიტყვებით, სახელმწიფო  ან პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს და თითოეული ინდივიდი მისთვის ძვირფასია, შედეგად ზრუნავს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ეს ინდივიდუალიზმია. ან სახელმწიფო ითხოვს ინდივიდისგან თავგანწირვას იდეისთვის. ეს ეტატიზმია. ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, პოსტმოდერნულ ხანაში, დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა და კაპიტალისტური ქვეყნების მთავრობები აიძულა, მემარცხენე ორიენტირები შეემუშავებინათ. ამან ე.წ. welfare state ჩამოაყალიბა. ეტატიზმი უფრო რუსეთში იყო პოპულარული. ეს ღირებულება, როგორც ტრადიცია, რუსეთს ცარისტული ეპოქიდან დარჩა, შემდეგ საბჭოთა პერიოდში ის მაქსიმალური აღზევდა და დღეს ინერციით ისევ რუსეთს შემორჩა. საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნებისთვის იგი თავსმოხვეული იყო, განსაკუთრებით საქართველოსთვის.
ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, დასავლეთში რენესანსისა და რეფორმაციის ეპოქაში წარმოიშვა. რენესანსმა ინდივიდუალური შეხედულებებისადმი გარკვეული ტოლერანტობა დაამკვიდრა, ხოლო ლუთერის მიერ ავტორიტეტების ეჭვქვეშ დაყენებამ  შუა საუკუნეების ჯოგური აზროვნებიდან საბოლოოდ გამოიყვანა დასავლეთი. რეფორმაციამ საზოგადოება ავტორიტეტების დამსხვრევასა და ინდივიდების აზრის პატივისცემას ყველაზე მეტად მიაჩვია. ეს პროცესი დასავლეთ ევროპაში ფაქტობრივად დაკნინებული ბატონყმობისა და ფეოდალიზმის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჯოგური აზროვნებიდან გამოსვლის პროცესს.
ინდივიდუალიზმი მხოლოდ მოქალაქეების სახელმწიფოსადმი და სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულების პარადიგმა როდია, იგი საზოგადოების მიერ კონკრეტული ადამიანების განსხვავებული აზრის პატივისცემა და აღიარება, ამასთან, მათდამი ტოლერანტობაცაა.
ინდივიდუალიზმი, როგორც ღირებულება, საქართველოში განსხვავებულად წარმოიშვა. ამის საილუსტრაციოდ მცირე მაგალითებს მიმოვიხილავთ. ჯერ კიდევ ახ. წ. V საუკუნეში, როდესაც შუშანიკის წამება დაიწერა, ინდივიდუალიზმს თავისი ხიბლი ჰქონდა ჩვენში. შუშანიკი მის ეპოქაში დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ მიდის, ქმარს უპირისპირდება და ეს მოსაწონი საქციელია თანამედროვეთა თვალში. გასაგებია, რომ ქრისტიანული პროპაგანდა თავის როლს თამაშობს, მაგრამ შუშანიკის წამების მიზეზი თუ არა, შედეგი მაინც ინდივიდუალური აზროვნებისადმი მეტი პატივისცემის დამკვიდრება იქნებოდა. XII საუკუნეში რუსთაველი ქმნის პოემას, რომელიც ინდივიდუალიზმის აპოთეოზია. ყველა პერსონაჟი განსხვავებულია, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება (შვილის მამისადმი, ქვეშევრდომის მმართველისადმი) გამოწვევებითაა აღსავსე და ამას პრობლემად ნაწარმოების დადებითი პერსონაჟები არ მიიჩნევენ. ავტორიტეტებისადმი აგდებული დამოკიდებულება პრობლემად დავარს მიაჩნია, მაგრამ არა როსტევანს, დავარი არ პატიობს ნესტან-დარეჯანს ურჩობას, ხოლო როსტევანი ავთანდილს პატიობს მისი ნების გარეშე ხეტიალს. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ინდივიდუალიზმის აპოთეოზს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ვხედავთ. რა თქმა უნდა, აქ საზოგადოების მორალთან დაკავშირებით ყაზბეგის ხსენებაც შეიძლება, თუმცა ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“ მაინც ჯოგური მორალისადმი წინააღმდეგობის და ინდივიდუალიზმის კლასიკური მაგალითებია. ქართული ინდივიდუალიზმი ასე იწვრთნებოდა.
შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი. მისი გავლენით ყველანი „ვაშენებდით“ ერთ დიდ ოჯახს, მაგრამ დისიდენტური აზრიც მალე გაჩნდა და ჩვენში, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კიდევ რიგ საბჭოთა ქვეყნებში, ავტორიტეტებისადმი დამოკიდებულება კრიტიკული გახდა. ნაციონალიზმის აღზევებამ, რაც ინდივიდუალიზმის გარეშე წარმოუდგენელია, სხვა ფაქტორებთან ერთად, საბჭოთა კავშირი დაშალა.
90-იანი წლების საქართველო იყო მენტალური ბრძოლებისა და ქაოსის პერიოდი. 2000-იანები კიდევ უფრო. ვერ გაგვერკვია, რა იყო კარგი, და თუ დასავლეთი იყო კარგი, რატომ იყო კარგი? 2010-იანებმა უფრო ნათელი პასუხი მოგვცა ამასთან დაკავშირებით: სახელმწიფო შედგება ინდივიდებისგან და მთავრობა ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ზრუნავს თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე, შედეგად, მივიღეთ მთავრობების შედარებითი ტოლერანტობა მანიფესტაციებისადმი, სახელმწიფო პროგრამები ინდივიდების სასარგებლოდ და ა.შ. ეს ყველაფერი ომის შემდგომ დასავლეთს მოგვაგონებს. ასევე საზოგადოება ნელნელა მივიდა იმ აზრამდე, რომ ჩვენ კომუნისტური ჯოგი არ ვართ, ორველისეული დისტოპიური საშინელი რეალობა ჩვენგან აშკარად შორსაა. პირადი ისტორიების მრავალფეროვნებამაც და გართულებამ, განსხვავებით წარსული კლასიკური „გაიცნეს ერთმანეთი, დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად სიკვდილამდე“ ინდივიდუალური მორალის პატივისცემა თუ არა, უნებლიე აღიარება მაინც დაამკვიდრა.
დღეს ჩვენ ჯოგი აღარ ვართ, ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია, სწორედ ამიტომაც არის საქართველო უკვე არა პოსტ-საბჭოთა, არამედ ევროპული ქვეყანა. მომავალი ამ მხრივ, უფრო საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ეს ის გზაა, რომელსაც უკან დასახევი არ აქვს.



Monday, June 24, 2019

პროპორციული თუ მაჟორიტარული?




უკანასკნელ დღეებში აქტუალური გახდა საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი უმთავრესი მუხლი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკოპლექტების პრინციპი. დღესდღეობით პარლამენტს ე.წ. პარალელური ხმის მიცემით, ანუ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით, ვირჩევთ ერთდროულად. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს არც მხოლოდ მაჟორიტარული, როგორც ეს ინგლისშია, და არც მხოლოდ პროპორციული სისტემა, როგორც ეს იყო ერთხანს რუსეთში, როდესაც პუტინმა, საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების მიზნით, 2006 წელს შემოიღო მხოლოდ პროპორციული სისტემა და ასევე, ბარიერი აწია 7%-მდე. 
ორივე სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკრეტულ შემთხვევაში ქართული საზოგადოების მიზანს წარმოადგენს დომინანტური პარტიული სისტემის  (ანუ მდგომარეობის, როდესაც 51%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ერთ პარტიას აქვს) მოშლა.
პირველ რიგში განვიხილოთ მაჟორიტარული სისტემის უპირატესობანი:
მაჟორიტარული სისტემის პირველი უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: მაჟორიტარები რეგიონების წარმომადგენლები არიან, შესაბამისად, პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დაშორებული რეგიონებსაც კი შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ინტერესები. მაგ. თუ სამეგრელოს სოფ. ახუთს სჭირდება საგზაო მაგისტრალის აღდგენა, ეს საკითხი პარლამენტში უნდა გაიტანოს, პირველ  რიგში, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა. მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე რეგიონების ინტერესი ნაკლებად იქნება დაცული.
მეორე უპირატესობა, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას გააჩნია, არის ორპარტიული (ან ორ-ნახევარპარტიული) სისტემის წარმოქმნა. მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის პირობებში, პრაქტიკულად, მხოლოდ 2 ან 3 პარტიის კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ რეგიონში გამარჯვების მოპოვების შანსი. ამის მაგალითი დიდი ბრიტანეთია, სადაც მაჟორიტარულმა სისტემამ საბოლოოდ მოგვცა ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების ჭიდილი და, პლუს, ზოგჯერ ლიბერალებსაც აქვთ შანსი, პარლამენტში მოხვდნენ. რატომ არის ეს უპირატესობა? გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტიანად მისაღებად საჭიროა პარლამენტის 51% მაინც თანხმდებოდეს კონკრეტულ პოლიტიკაზე, რაც ხდება პარლამენტში ერთი პარტიის დომინირების შემთხვევაში, ამიტომაც ორპარტიული სისტემა, უმეტესწილად, უზრუნველყოფს იმას, რომ ან ერთი ან მეორე პარტიას იმარჯვებს და არ მივიღებთ ე. წ. hung parliament-ს, რომელშიც რამდენიმე პარტიის გაერთიანებაა საჭირო იმისათვის, რათა 51% ჩამოყალიბდეს. ასეთი შემთხვევა ინგლისს ორჯერ, პირველად 2010 და მეორედ, 2017 წელს, ჰქონდა. ორივე შემთხვევაში ასეთი პარლამენტის მიერ შექმნილ მინისტრთა კაბინეტს გარკვეული კრიზისები ახასიათებდა და გადაწყვეტილებები ისე სწრაფად ვერ იღებდნენ, როგორც საჭირო იყო. მაჟორიტარულ სისტემაში ეს მაინც იშვიათად ხდება, რადგან ორპარტიული სისტემა ყალიბდება ძირითადად და ხან ერთი პარტია იგებს არჩევნებს, ხან მეორე. პროპორციულ სისტემაში, და მით უფრო, „უბარიერო“ პროპორციულ სისტემაში, ბევრად მეტი შანსია მივიღოთ ე. წ. hung parliament. ამაზე ქვემოთ.
ახლა მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებებს რაც შეეხება:
მაჟორიტარულ სისტემას ახასიათებს წვრილი პარტიების მნიშვნელობის დაკნინება. მაგ. პროპორციული სისტემის შემთხვევაში თუ პარტია მოიპოვებდა 30% და  თუ პარლამენტში 100 მანდატია, შესაბამისად, 30 მანდატს, მაჟორიტარულის შემთხვევაში, შეიძლება, საერთოდ ვერ მოიპოვოს ვერც ერთი მანდატი, რადგან თითოეულ ოლქში ინდივიდუალურად მის კანდიდატს გასამარჯვებლად სჭირდებოდა 51%-იანი ბარიერი. ბრიტანეთში გამარჯვებისთვის კანდიდატს უბრალო უმრავლესობა ყოფნის (plurality), ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მხოლოდ 31%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ მაინც მოიგოს, რადგან სხვებზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოში გამარჯვებისთვის პარლამენტარს, ისევე როგორც  პრეზიდენტს, აბსოლუტური უმრავლესობა (majority) (51%) სჭირდება. ასეთ შემთხვევებში მცირე მხარდაჭერის პარტიებს უფრო ურთულდებათ ვითარება და მანდატის მოპოვება მაჟორიტარულ ოლქებში. შედეგად, თუ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტიის წევრებს აქვთ თეორიული შანსი, პარტიული რესურსებით მიიღონ 51%-იანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს ერთი პარტია, რაც ხდებოდა კიდეც საქართველოს რეალობაში ბოლო წლებში. საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი უნდა ყოფილიყო, თავის დროზე დამფუძნებელ მამებს ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ელოდნენ ამისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა და დღეს გვაქვს ერთპალატიანი პარლამენტი. ასეთ პირობებში პარლამენტის მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების პრაქტიკულად 100% დომინანტი პარტიის ხელშია და მაჟორიტარული პრინციპით გაცემული მანდატების 51%-ზე მეტიც მისია, შედეგად ვიღებთ პარლამენტში კონსტიტუციურ უმრავლესობას, სუსტ აღმასრულებელს, პრეზიდენტს, რომლის ვეტოს ძალა არა აქვს და კონსტიტუციის ხშირ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციის ლეგიტიმაციას აფერმკრთალებს.

პროპორციული სისტემის უპირატესობაა წვრილი პარტიების წარმოდგენა პარლამენტში და მაჟორიტარული სისტემის ხსენებული ხარვეზის აღმოფხვრა. რომ არ იყოს საქართველოში დომინანტური პარტიული სისტემა, არსებითი მნიშვნელობა არც ექნებოდა, პროპორციული სისტემით ავირჩევდით პარლამენტს თუ მაჟორიტარულით, მაგრამ რადგან ეს რეალობა დაგვიდგა, ჩვენც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ, რათა არ მივიღოთ კონფლიქტური პოლიტიკური კულტურა საქართველოში, როცა საზოგადოება ვერ თანხმდება არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკაზე, არამედ იმაზეც კი, თუ გადაწყვეტილებები ინსტიტუციურად როგორ უნდა მიიღებოდეს. წვრილ პარტიებს ეზრდებათ შანსი პარლამენტში მოხვედრისა და შეიძლება, მათ ჯამურად 51% ვერ შეადგინონ და ვერ გადაწონონ ერთი პარტიის ძალა, მაგრამ, მინიმუმ, კონსტიტუციური უმრავლესობით ვერ იქნება დომინანტური პარტია წარმოდგენილი. შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება, მის ვეტოს ამჯერად უკვე ძალა ექნება. 2020 წლიდან, ალბათ, საინტერესო ბატალიები გველოდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
პროპორციული სისტემის ნაკლოვანებები რეგიონების ინტერესების ჩაგვრას უკავშირდება და ამაზე უკვე ვისაუბრეთ.
ახლა რაც შეეხება საუკეთესო არჩევანს ჩვენთვის:
დომინანტური პარტიული სისტემის პირობებში პარალელური ხმის მიცემის, ანუ ორივე სისტემის, არსებობა ავტომატურად ნიშნავს კონსტიტუციურ უმრავლესობას პარლამენტში, რაც კონსტიტუციის ხშირ ცვლილებას იწვევს და შედეგად მის ლეგიტიმურობას აფერმკრთალებს. კონსტიტუცია რაც უფრო რთულად და იშვიათად იცვლება, მით უფრო ლეგიტიმურია. უფრო ზუსტად, კონსტიტუციის ცვლილება ყველაზე უპრიანია, როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება ცვლილების საჭიროებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი ზოგადი საკითხი, რომელიც დროის გამოწვევას უპასუხებს, მაგ. მონობის გაუქმება, ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასაკობრივი ცენზი და ა.შ. ინსტიტუტები, მათი ფუნქციები წარამარა არ უნდა იცვლებოდეს, ან თუ იცვლება, მთელი პოლიტიკური სპექტრის ნებართვით უნდა იყოს და არა ერთი პარტიის სურვილით. ასეთ შემთხვევაში აქვს კონსტიტუციას მაღალი ლეგიტიმაცია, როგორც ეს აშშ-შია. შესაბამისად,  დომინანტური პარტიული სისტემის მოსასპობად დიახაც, რომ საჭიროა პროპორციული სისტემის შემოღება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის.
მაჟორიტარების ძალის შესასუსტებლად მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს პარლამენტში ან პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ამ მხრივ, დაახლოებით 280-კაციანი პარლამენტი (შევარდნაძის დროინდელი), რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებამ კონსტიტუციით შეცვალა და 150 კაციანი გახადა, ძირითადად პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების ხარჯზე, უფრო ეფექტიანი იქნებოდა დღეს. მინიმუმ 200 მანდატი პროპორციული სისტემით გაიცემოდა, აქედან მაგ. 100-110 იქნებოდა დღეს დომინანტური პარტიის და საბოლოოდ, 90-100 მანდატი მაინც ექნებოდა ოპოზიციას, ანუ კონსტიტუციურ უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებდნენ და ჩვეულებრივ უმრავლესობაში ცუდი არც არაფერია, უფრო ეფექტიანად მიიღება გადაწყვეტილებები.
კიდევ ერთი გამოსავალი არსებობს, რასაც ალბათ ქართული საზოგადოება ყველაზე ნაკლებად გაიზიარებს, მაგრამ ძალაუფლების დივერსიფიკაციისთვის (რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება) უპრიანი მგონია: ორპალატიანი სისტემის შემოღება, პარლამენტის ერთი პალატის მაჟორიტარებით დაკომპლექტება, ხოლო მეორე პალატის - პროპორციული სისტემით გასული დეპუტატებით. კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად ორივე პალატის და პრეზიდენტის თანხმობა უნდა იყოს საჭირო.
არსებობს განსხვავებული სისტემაც.  მექსიკაში ზედა პალატის, სენატის, წევრებს ირჩევენ შემდეგი პრინციპით: ერთ ოლქში იმარჯვებს 3 დეპუტატი, 2 გადის პირველ ადგილზე გასული პარტიიდან, ხოლო 1 - მეორე ადგილზე გასული პარტიიდან. ეს  ნიშნავს, რომ პალატის მინიმუმ 1/3 ოპოზიციური პარტიით შეიძლება დაკოპლექტდეს და რადგანაც გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად 2/3-ზე მეტი ხმაა საჭირო, პალატაში ოპოზიციის ნაწილი მაინც უნდა იყოს თანახმა, რომ გარკვეული ცვლილება განხორციელდეს.
ერთი სიტყვით, ახლა ყველაზე უპრიანია, ჩვენი დროის გამოწვევებს ვუპასუხოთ და ცვლილებები შესაბამისად განვახორციელოთ.


P.S. თუ ღმერთი გწამთ, პარტიულობას ნუ დამაბრალებთ. ყურადღებით წაიკითხეთ სტატია ხელახლა, თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ უპარტიო ვარ J