Thursday, August 19, 2010

ბარსელონას მუზეუმებში

ბევრ მუზეუმში ვიყავი იქ ყოფნისას. საგრადა ფამილიას მერე გაუდის პარკში ვიყავი, თურმე ულამაზესი პარკია, მე კიდევ მთელი საღამო გაუდის მუზეუმს ვეძებდი. ათასობით ადამიანი იყო და მეათედს არ ეცოდინებოდა გაუდის სახლ-მუზეუმი
კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმში წავედი, სადაც ყველა არქეოლოგიური მუზეუმის გაერთიანებული ბილეთი ვიყიდე და გავეშურე ყველაფრის დასათვალიერებლად. კატალონიის არქეოლოგიის მუზეუმში ძირითადად რომაული პერიოდის ექსპონატები იყო და ითიფალური ქანდაკებების გამო მუზეუმი სანახევროდ ეროტიკულ ხასიათს ატარებდა.
ბარსელონას ისტორიის მუზეუმიც ძალიან საინტერესო იყო. ძლივს მივაგენი, მაგრამ ღირდა ნამდვილად. პირველი სართული,რომელიც სარდაფივით მიწისქვეშ იყო, რომაული პერიოდის ქალაქი გახლდათ, მეორე სართული შუასაუკუნეებისა,ბოლოს კი ყველაზე ახალი პერიოდი იყო წარმოდგენილი. საინტერესო ექსპონატი ვიპოვე: არაგონის მეფის ჟაუმე პირველის (1213-1276) მონეტა, ხუთჯვრიანი სიმბოლიკით, მაგრამ თავისებური ფორმის. ოთხი ნაწილიდან ორ მოპირდაპირე მხარეს სამი მსხვილი წერტილი იყო, ორ მოპირდაპირეს კი ჯვრები. ვნახე კაროლინგური მონეტა სვასტიკით.
პიკასოს მუზეუმში იყო ვნახე პიკასოს დახატული სრულიად ნატურალისტური ნახატი: ფილიპე მეოთხის პორტრეტი, ველასკესის ზუსტი ასლი. პიკასოს კუბისტური ნახატების შემხედვარე კაცი იფიქრებს ნამდვილად შეეძლო თუ არა ამ ადამიანს ფიგურების ადეკვატურად და არა სიურრეალისტურად აღქმა. ძალიან ლამაზი იყო პიკასოს ადრინდელი ნამუშევრები, ყველაზე მეტად ფანქრით დახატული პეიზაჟები მომეწონა. პიკასოს ეროტიკული ნახატების სერია - „სელესტინა“, რა თქმა უნდა დამთვალიერებლების დიდ ინტერესს იწვევს. დროებითი გამოფენაც იყო. პიკასო და რუსინიოლი, მათ მეგობრობაზე და მათი შარჟები ერთმანეთზე, რომელიც, რა თქმა უნდა, პიკასოს დახატულები უფრო უხამსი იყო.
ბარბიე-მიულერის წინაკოლუმბამდელი ხელოვნების მუზეუმში ელენე გამახსენდა. იმდენი მეზოამერიკული ღვთაების ქანდაკება იყო იქ.
სიაინტერესო იყო ეგვიპტის მუზეუმიც. ბევრი სარკოფაგი იყო: ხის, თიხის, ქვის, ეგვიპტელების ყველანაირი მასალიგან აკეთებდნენ სარკოფაგებს, როგორც ჩანს. საინტერესო ექსპონატებიც იყო: ფარაონ დომიციანეს ბარელიეფი, კატა ყურში საყურით.
ფიგერესში ერთ პატარა მუზეუმში ვიყავი, სადაც კატალონიელი მხატვრების იყო გამოფენილი. იქ ვნახე ოლგა სახაროვას ნახატი, რომელიც თბილისში დაიბადა, პრიმიტივიზმის და სიურრეალიზმის წარმომადგენელია ანუ გავლენა განიცადა როგორც ფიროსმანის, ისე მისი თანამედროვე დიდი ესპანელი სიურრეალისტების.

No comments:

Post a Comment