კონგრესი დაიწყო და მეც ვესწრები შეძლებისდაგვარად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მარტო იმ მოხსენებებს ვესწრები, რომლებიც მაინტერესებს. ბარსელონა კი ისეთი ქალაქი, ერთი კვირა კი არა ერთი თვე არ გეყოფა დასათვალიერებლად. ორშაბათს დილიდან დაღამებამდე კონგრესზე ვიყავი, დილით იყო ბარსელონას უნივერსიტეტის ყველაზე ლამაზ აუდიტორიაში, პარანიმფში, კონგრესის გახსნა. გვიანშუასაუკუნეებისას მოხატული კედლებით და ლათინური შეგონებებით.
მოხსენებებს რომ ვუსმენდი,თან ვითვალისწინებდი, რა და როგორ უნდა გავაუმჯობესო ჩემი მოხსენებისთვის. საინტერესოა, მაგრამ მე რატომღაც მეგონა, რომ ამისთანა კონგრესზე რაღაც სერიოზულად ახალი და რევოლუციური გამოჰქონდა ყველას. კრიტერიუმად საერთოდ არ ვიღებ იმათ, ვისი მოხსენებაც პრაქტიკულად ჩავარდა, შევაფასებდი მხოლოდ კარგად მიჩნეულ მოხსენებებს ან საერთოდაც ისეთებს, რომლებზეც ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა მოსასმენად. ასეთი მოხსენებები ძირითადად იყო შემდეგი სახის: ნარატიულად კარგად წარმოდგენლი მასალა და რაღაცის შესახებ გამოთქმული ახალი მოსაზრება. ბოლოში თანდართული თეზისი სწორედ ასეთი იყო: მხოლოდ მოსაზრება და არავითარი აღმოჩენა და სიახლე. რა თქმა უნდა, იყო შესანიშნავი მოხსნებებიც: მაგალითად, პოლ ზიმანსკის მოხსენება ურარტულ ქალაქებზე. ეს იყო გათხრების ანგარიში და ამასთან მოსაზრებები, დასკვნები, ამდენად, ძალზედ ღირებული. ზიმანსკის მოხსენება ისედაც საინტერესო იყო ჩემთვის ქართველოლოგიური კუთხითაც. ის ამტკიცებდა, რომ ურარტულ ქალაქებში ცხოვრობდნენ უმეტესწილად სამხედრო ტყვეები. ურარტულ ქალაქ აიანისის გათხრებისას მათ აღმოაჩინეს წარწერა,რომელშიც მოხსენიებულია სხვადასხვა ტომები, მათ შორის მან ახსენა მუშქები. სწორედ ამან დამაინტრიგა და ვკითხე კიდეც: ამ ტომებიდან ვინმეს თუ აქვს თქვენი აზრით, კოლხებთან კავშირი-მეთქი. მიპასუხა: - კიო და დაასახელა კიდეც ქვეყანა, რომელსაც თვლიდა, რომ იყო კოლხებთან დაკავშირებული - ეტიუნი. მის რუკაზეც ასე ჩანდა, რომ სწორედ ეტიუნი მოიცავდა კოლხების ადგილსაცხოვრისს. ტრაბზონისგან აღმოსავლეთით, მაგრამ არა მთლად ევფრატის სათავეებამდე.
ჩემი მოხსენება ქაშქებზე იყო, უმეტესწილად ხეთოლოგები ესწრებოდნენ. მე დიდხანს არ მილაპარაკია, მაგრამ შეკითხვები ბევრი დამისვეს. ერთმა ხეთოლოგმა მითხრა, რომელიღაც ანტიკურ წყაროში წავაწყდი თიფიასთან დაკავშირება რომ შეიძლება ისეთ ტოპონიმს,
რომელიც იმდროინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე იყო. სამწუხაროდ, ვერ გაიხსენა ზუსტად. მე რაც მინახავს, ანტიკური წყაროები, არ მახსენდება. მოსაძებნია, კარგი იქნებოდა დაკავშირებისთვის.
No comments:
Post a Comment